ყველაფერი კარგად იქნება - ანუ ცრუ მოლოდინის ფარული ხაფანგები
ალბათ ყოველ ჩვენგანს ბავშვობიდან მოყოლებული ხშირად გვსმენია ფრაზა "ყველაფერი კარგად იქნება." ამ სიტყვებს მაშინ წარმოვთქვამთ, ან ამ სიტყვებს ჩვენ გვეუბნებიან, როცა რაიმე რთული, პრობლემური ან ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციაა. ეს ფრაზა არის ერთგვარი დაიმედება, დამშვიდება და გამხნევებაც კი, თუმცა შემდგომი მოსალოდნელი შედეგებიდან გამომდინარე საფრთხის შემცველიც.
პატარაობიდანვე გვინერგავენ თავში, ყველაფერი კარგად იქნება, რომ კარგად ვისწავლით, რომ კარგი სამსახური გვექნება, რომ ვიპოვით და შევიყვარებთ კარგ ადამიანს და მასთან ერთად შევქმნით კარგ ოჯახს. რომ გვეყოლება ნიჭიერი და წარმატებული შვილები, ასევე ბევრი ერთგული და კარგი მეგობარი, გვექნება ლამაზი სახლი და აგარაკი, ვიმოგზაურებთ ბევრს, მოკლედ ყველაფერი იქნება კარგად და ვიცხოვრებთ ბედნიერად.
რა სიხშირითაც არ უნდა გვითხრან ჩვენ ეს ფრაზა სამწუხაროდ დრო და გამოცდილება საპირისპიროს გვიმტკიცებს. ჩვენი მოლოდინი არ მართლდება და თანდათან ვაცნობიერებთ, რომ ვერ ვისწავლეთ კარგად, ვერ ვიპოვეთ კარგი სამსახური, ვერ შევხვდით და ვერ შევიყვარეთ კარგი ადამიანი, ვერ ვცხოვრობთ კარგ სახლში, ვერ, ვერ, ვერ...
და როდესაც ყველაფერი კარგად ვერ არის უკვე სასოწარკვეთილები, საჩვენებელი თითის გაშვერით ვეძებთ დამნაშავეებს, რომ მშობლები არ დაგვიდგნენ სათანადოდ გვერდში, რომ მეგობრებმა გვიღალატეს, რომ ბოროტი და შურიანი ადამიანების გარემოცვაში ვართ, რომ სამსახური გვაქვს ჯოჯოხეთური, რომ მთავრობა არ ვარგა, რომ ცუდ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ... და ასე საჩვენებელ თითს მივუშვერთ, თან ვადანაშაულებთ ყველას, საკუთარი თავის გარდა.
ჩვენ ხომ ბავშვობიდან დაბეჯითებით გვარწმუნებენ - "ყველაფერი კარგად იქნება."
იმისთვის, რომ ეს ლამაზი და შთამაგონებელი ფრაზა მხოლოდ სურვილ/ოცნებად არ დარჩეს და ჩვენს ცხოვრებაში ადეკვატურად მატერიალიზდეს, საჭიროა ერთი პაწაწინა და თან ჯადოსნური სიტყვის დამატება. ეს სიტყვა არის: - "თუ"
და რა გამოდის?...
ყველაფერი კარგად იქნება, თუ ... იქნებით სწავლაში მართლა მონდომებულები, საკუთარი თავის ფიზიკურ, ინელექტუალურ, მენტალურ სრულყოფას, საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას დაუთმობთ მეტ დროს და ენერგიას, მეტად თქვენი პროფესიით დაიხარჯებით სამსახურში, სიღრმისეულად და არა ზედაპირულად გაერკვევით ადამიანურ ურთიერთობებში, მაქსიმალურად იქნებით პოზიტიური, ზრდაზე და წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანების გარემოცვაში და ასევე მაქსიმალურად შორს დაიჭერთ თავს ტოქსიკური ადამიანებისგან. შეიმეცნებთ ფულის გამომუშავების და მისი სწორად ხარჯვის ფუნდამენტურ წესებს, არასდროს შეყვეტთ თვითსრულყოფას.
ფაქტია, რომ ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევასთან, სირთულეებთან და უამრავ მარცხთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ნუ შეშინდებით. არ არსებობს მარცხი - არსებობს გამოცდილება, რომლითაც სრულყოფთ საკუთარ თავს და მიიწევთ წინ.
ასე იყო ოდითგან და ასე იქნება მომავალშიც.
მუდმივი განვითარებისკენ თავდაუზოგავი სწრაფვის ტრიგერი ადამიანში ჩადებულია გენეტიკურ დონეზე. ათასწლეულების უკან ადამიანმა მასზე ღონიერ მტაცებელ ცხოველებთან გამკლავების და თავდაცვის მიზნით, ბევრი წვალების შემდეგ შექმნა წაწვეტებული ხისგან და ბასრი ქვებისგან პირველი საბრძოლო იარაღები. სიცივის, სიბნელის და მტაცებელი ცხოველების მოსაგერიებლად ადამიანმა ასევე ბევრი წვალების და ცდის შემდეგ აღმოაჩინა, დაანთო და დაიმორჩილა ცეცხლი, რითაც იგი უკვე გახდა უპირატესი არსება დედამიწაზე.
გამოვიდა გამოქვაბულიდან, ააშენა სახლი, მოიგონა და გააკეთა ბორბალი, დაამუშავა მიწა, მოიყვანა მოსავალი და ათასწლეულების შემდეგ პირველყოფილი თემური წყობილებიდან მოვიდა დღევანდელ ცივილიზაციამდე.
განვითარების ყოველ ეტაპზე ადამიანს ღრმად სწამდა და სჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის სათანადო ძალისხმევას გამოიჩენს.
მაშ ნუღარ მოვატყუებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს, რომ თავისთავად ყველაფერი კარგად იქნება. არ იქნება, არამც და არამც... და თუ იქნება, ამისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევა, ბევრი შრომა და ბევრი მარცხი, ბევრი დაცემა და ბევრი წამოდგომა.
ნუ შეგეშინდებათ დაბრკოლებების და მარცხის. ყოველი მარცხის შემდეგ თქვენ ცნობიერების და განვითარების ახალ ეტაპზე გადადიხართ, ხდებით უფრო გამოცდილი, მაშასადამე უკეთესი. შესაბამისად ფრაზა "ყველაფერი იქნება კარგად" თქვენივე ძალისხმევით მატერიალიზდება.