воскресенье, 5 сентября 2021 г.

 

ვინ იტირებს, 

როცა შენ გარდაიცვლები? ...

    სწორედ ამგვარად არის დასათაურებული ინდური წარმოშობის ცნობილი კანადელი მწერლისა და სამოტივაციო სპიკერის რობინ შარმას ასევე კარგად ცნობილი ბესტსელერი. წიგნი ნათარგმნია  18  ენაზე და გამოიცა 15 მილიონამდე ეგზემპლარი. ავტორმა მსოფლიოში სახელი გაითქვა მისი ყველაზე პოპულარული, მხატვრულ-ფილოსოფიური ნაწარმოებით, რომლის სათაურია "ბერი, რომელმაც გაყიდა საკუთარი ავტომობილი ფერარი." (The Monk who sold his Ferari). ამ ბესტსელერის სერიული გაგრძელებაა წიგნი "ვინ იტირებს, როცა შენ გარდაიცვლები?" ( Who will cry when you die? ). ეს არ არის წიგნი, რომელიც მხოლოდ ერთხელ უნდა წაიკითხო, ეს არის ცხოვრებისეული გაკვეთილების შემსწავლელი სახელმძღვანელო. უფრო ზუსტად კი 101 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს დაგვაფიქრებს იმაზე, თუ ზოგადად რა არის ჩვენი ცხოვრება? რისთვის ვიბადებით? რა არის ამ სამყაროში მოვლინებისას კონკრეტული ადამიანის მისია?

          ნაწარმოები იწყება მამა-შვილს შორის შემდგარი საოცარი დიალოგით:

   "ერთხელ, როცა მოზარდი ვიყავი, მამამ ცალკე გამიხმო და შემდეგი სიტყვები მითხრა: 

     - შვილო, როდესაც შენ დაიბადე სამყარო ხარობდა შენი ამ ქვეყნად მოვლინებით, ყველანი ბედნიერები ვიყავით, თვითონ შენ კი ტიროდი, რაც კი შეგეძლო ხმამაღლა ტიროდი... ცხოვრება სწრაფად გაირბენს და ეს ხანმოკლე პერიოდი ისე იცხოვრე, როცა წახვალ ამ ქვეყნიდან, ეს სამყარო, ყველა, ვინც კი გიცნობდა ტიროდეს და შენ კი ხარობდე, რამეთუ ვალმოხდილი გარდაიცვლები და გადასახლდები მიღმიერ სამყაროში.

       მამის ეს სიტყვები ყველაზე მეტად დამამახსოვრდა და არასდროს დამავიწყდება მისი ნათქვამის სიღრმისეული აზრი."

       მოცემული წიგნი ცალკეული გაკვეთილებით და მრავალი რეალური ცხოვრებისეული ფაქტით გვასწავლის, თუ როგორ შევძლოთ და ჩვენი ხანმოკლე ცხოვრება მაქსიმალურად შინაარსიანად, ნაყოფიერად, სხვებისთვის და საკუთარი თავისთვისაც სასარგებლოდ გავიაროთ.

     101 -ვე ცხოვრებისეულ გაკვეთილს ამ ერთი პოსტით ვერ გადმოგცემთ. ჩემი მეგობრული რჩევა და რეკომენდაცია იქნება თავად წაიკითხოთ ეს წიგნი. ახლა კი რობინ შარმას მხოლოდ რამდენიმე გზავნილს გაგიზიარებთ, რომლებიც ამ ნაწარმოებიდან ამოვკრიფე.

       1. ეძიე და აუცილებლად იპოვე შენი ცხოვრებისეული მოწოდება.

       2. იქადაგე და იცხოვრე უანგარო სიყვარულით.

       3. ისწავლე მდუმარება.

       4. იცინე მეტი.

       5. იყავი მადლიერი.

       6. სიზარმაცე დაამარცხე საქმით.

       7. ყოველთვის შეინარჩუნე სიმშვიდე.

       8. იზრუნე ტაძარზე (შენი სხეული შენი სულის ტაძარია).

       9. ისწავლე პატიება.

      10. დარგე და გაახარე ხე.

      11. გაიღვიძე მზის ამოსვლასთან ერთად.

      12. მეტი იმოგზაურე, მეტი შეიმეცნე.

  და ბოლოს, ხშირად დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ვინ იტირებს, როცა მე გარდავიცვლები?... ამ კითხვის დასმით თქვენს ცხოვრებაში აქამდე პასუხგაუცემელ ფუნდამენტურ კითხვებზე იპოვით პასუხებს.

     საინტერესო და სასარგებლო გაცნობიერებებს გისურვებთ! 😊🙏





Комментариев нет:

Отправить комментарий