"ოკეანეში განზავებული"
ოშო
ჩანდრა მოჰან ჯაინი, რელიგიური სახელით ბჰაგვარ შრი რაჯნიში, რაც ნიშნავს „კურთხეული,
როგორც ღმერთი“, ხოლო მსოფლიო მას იცნობს სახელით ოშო.
გამოჩენილი ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ), მწერალი, ფილოსოფოსი, მისტიკოსი
ოშო დაიბადა 1931 წლის 11 დეკემბერს ინდოეთში, მადია პრადეშის შტატის სოფელ კუშავედშში,
ღარიბი ქსოვილებით მოვაჭრის ოჯახში. იგი ბავშვობიდანვე განსხვავებული იყო, მიისწრაფოდა
მარტოობისკენ, მისი ასაკის ბავშვებისგან განსხვავებით დაკავებული იყო მედიტაციებით,
თვითჩაღრმავებებით და სამყაროს ჭვრეტით.
წლების შემდეგ რაჯნიში (ოშო) წარმატებით ამთავრებს ბომბეის უნივერსიტეტს, იღებს
ფილოსოფიის მაგისტრის და შემდეგ კი პროფესორის წოდებას. ამავრდოულად იგი თანამოაზრეებთან
ერთად იწყებს მოგზაურობას მთელს ინდოეთში, ხვდება მილიონობით ადამიანს. ქადაგებს და
ატარებს ლექციებს. სხვადასხვა ქალაქებში აარსებს აშრამებს ე.წ. ბანაკებს, სადაც ეწყობა
კოლექტიური მედიტაციები, რელიგიური და სულიერი ტრანსფორმაციის რიტუალები. ყველაზე დიდი
აშრამი რაჯნიშმა (ოშო) დააარსა ქალაქ პუნაში, სადაც ქალაქის გარშემო რამდენიმე თვეში
მთელი დასახლებები გაჩნდა. ვინც ოშოს ქადაგებებს ესწრებოდა უკან აღარ ბრუნდებოდა და
იქვე სახლდებოდა. ეს ტერიტორია მალე გახდა ჭეშმარიტი „მაძიებლების“ მექა. რაჯნიშის
(ოშო) პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა და მთელი ინდოეთი მოიცვა. მისი მოძღვრება არ იყო
ინდუიზმთან თანხვედრაში, ასევე ოშო გამოდიოდა სოციალიზმის და ინდოეთში ღრმად დამკვირებული
მაჰათმა განდის მსოფლმხედველობის წინააღმდეგ, რაც ინდოეთის მაშინდელი ხელისუფებისთვის
მოუღებელი იყო. 1980 წელს ლექციის კითხვისას რაჯნიშს (ოშო) თავს დაესხა ინდოელი ფანატიკოსი
და დანით დაჭრა. საჭირო გახდა მისი სამკურნალოდ
აშშ-ში გადაყვანა. სასწრაფოდ გადააფრინეს ოკეანეებს
და აშშ-ში ჩაიყვანეს. ამის შემდგომ რაჯნიშს დაერქმევა სახელი ოშო, რომელიც „ოკეანეში
განზავებულს“ ნიშნავს. ოშოს თან გაჰყვა მიმდევრების საკმაო დიდი ჯგუფი, რომლებმაც ამერიკაში,
ორეგონის შტატში შეიძინეს მიწები და ოშოს თაოსნობით აქ მალე დაარსდა კომუნების ტიპის
დასახლებები, რაც ინდოეთში არსებული აშრამების მსგავსი იყო. ამ დასახლებებში სწრაფად
იზრდებოდა ადამიანების რიცხვი. ოშო თავისი მოძღვრებით ქრისტიანობასაც დაუპირისპირდა.
ზოგადად ოშოს ფილოსოფიური მოძღვრება უპირისპირდება ინდუიზმსაც, ბუდიზმსაც, ქრისტიანობასაც,
სხვა რელიგიებსაც, თუმცა თუ ღრმად ჩავუკვირდებით, ყველა რელიგიისგან აქვს აღებული მთელი
რიგი პოსტულატები და თამამად შეიძლება ითქვას, რომ წარმოადგენს ამ რელიგიების სინთეზს,
ნაზავს. ოშოს მოგვიანებით პრობლემა შეექმნა აშშ-ს ხელისუფლებასთან და ქვეყნიდან დეპორტირებული
იქნა. დაბრუნდა ინდოეთში, მშობლიურ ქალაქ პუნაში და გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით
1990 წლის 19 იანვარს.
ოშო ავტორია 650 ფილოსოფიური შინაარსის წიგნის, რომელთა დიდი ნაწილი მისმა მოწაფეებმა
გამოსცეს ოშოს ლექციების, ქადაგებების და ჩანაწერების საფუძველზე. მისი წიგნები თარგმნილია
მსოფლიოს 55 ენაზე, მათ შორის ქართულადაც. ოშოს შემოქმედება, მოძღვრება და საქმიანობა
არაერთგვაროვნად ფასდება, ბევრია მის მიმართ მწვავე კრიტიკაც, თუმცა მისი გარდაცვალებიდან
30 წლის შემდეგაც მსოფლიოში მილიონობით მიმდევარი ჰყავს, დაარსებულია ოშოს სახელობის
კულტურული, ფილოსოფიური, გამაჯანსაღებელი, მედიტაციური ცენტრები, ფონდები და სკოლებიც
კი.
საკუთარ თავზე ოშო იუმორით ამბობდა: „პროფესიით მე ვარ ფილოსოფოსი, თუმცა შეცდომით
გავხდი მისტიკოსი და ამ შეცდომამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა, მეც და მილიონობით ადამიანსაც.“
სიყვარული, მედიტაცია, სამყაროს ჭვრეტა, სადღესასწაულო განწყობა ეს არის ადამიანის
ბუნებრივი მდგომარეობა გასხივოსნებისკენ მიმავალ გზაზე, რაც ნებისმიერს ძალუძს, მაგრამ
ადამიანები საკუთარ ძალისხმევას სამწუხაროდ ხარჯავენ დაპირისპირებაში, სიძულვილში და
აგრესიაში, რის გამოც ვერ ჰპოვებენ ბედნიერებას.
მსოფლიოში ოშო ასევე ცნობილია, როგორც ტანტრული მოძღვრების და სექსუალური მედიტაციების
მქადაგებელი, რის გამოც მას „სექსუალური გურუც“ კი შეარქვეს. ამ მიმართულებით ოშოს
შეხედულებები გადმოცემულია მის ქადაგებებში და წიგნებში, რაც არაერთგზის გამხდარა კრიტიკის
საგანი. ამასთანავე მიმდევრების რიცხვიც ყოველდღიურად მატულობს.
ცალსახად იმის თქმა, რომ ოშოს მოძღვრება მხოლოდ კარგია ან მხოლოდ ცუდია, არ იქნება მართებული. ალბათ უფრო
ნაზავია, როგორც მთელი მისი ფილოსოფია, საიდანაც
ადამიანმა უნდა აიღოს მისთვის სასარგებლო. დღევანდელი გადასახედიდან, ოშოს სახელი თამამად
შეიძლება ჩაიწეროს მეოცე საუკუნის მსოფლიოს სულიერი ლიდერების და გამორჩეული მოაზროვნეების
მოწინავეთა რიგებში.
აქვე დავამატებდი იმასაც, რომ ოშოს მთელი შემოქმედება არის უზარმაზარი ოკეანე,
საიდანაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიღოს „მისი ჭეშმარიტების წყალი“ და ამით ოკეანეს
არაფერი დააკლდება. მეც ვიღებ ხოლმე პეშვით „ჭეშმარიტების წყალს“, ოშოს ცნობილი ციტატების
და გამონათქვამების სახით, რომელსაც თქვენც გიზიარებთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий