თავისუფლების საიდუმლო
ანუ დაფარულის სიცხადე
ალბათ გინახავთ ან გსმენიათ თუ როგორ იჭერენ მგელს ხაფანგით. მონადირეები რკინის კბილებიან მძლავრ ზამბარიან ხაფანგს დაუდგამენ მგელს, ხოლო ამ მახეში გემრიელი ხორცის ნაჭერია. მონადირეების მიერ გამზადებული სატყუარა ხეზეა მიბმული, რათა მასში მომწყდეული მგელი შემდეგ ხაფანგიანად არ გაიქცეს. უმეტეს შემთხევაში მგელი პირველად ფეხით ზომავს და ეხება ხორცის ნაჭერს. როცა ხორცის სუნზე ხაფანგს მიუახლოვდება და ფეხს შეახებს ხორცის ნაჭერს, მოძრაობაზე ზამბარა ამოქმედდება და მგელი უკვე ხაფანგშია გაბმული. ის წვალობს, მთელი ძალ-ღონით აქეთ იქეთ იქაჩება, მაგრამ არაფერი გამოსდის, ხაფანგის დიდი და ბასრი კბილანები მგლის ფეხს ღრმად და ძლიერადაა ჩაჭიდებული. დიდხანს იბრძვის და წვალობს მგელი. ბოლოს ხვდება, რომ ამ მახეს თავს ვეღარ დააღწევს და თავისი მგლური აზროვნებით ყველაზე მძიმე მაგრამ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. სასოწარკვეთილი მგელი თავის ფეხს თავისივე კბილებით გადაღრნის, რომ ხაფანგს თავი დააღწიოს. საშინელი საყურებელია ეს ყოველივე, გამწარებული მგლის ყმუილი, ღრენა, ბრძოლა გადარჩენისთვის...
ახლა გიამბობთ, თუ როგორ იჭერენ მონადირეები მაიმუნს. წარმოიდგინეთ ხის ან ლითონის ოთხკუთხედი ყუთი, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი პატარა ნახვრეტი, ისეთი რომ მასში გაჭირვებით ეტევა შუაზე გაჭრილი ფორთოხალი. ყუთი მიბმულია ხეზე. ჩადებენ ამ ყუთში შუაზე გაჭრილ ფორთოხალს და დადგამენ ხის ძირში, ხოლო მონადირეები ამ ადგილს მოშორდებიან და დაუდარაჯდებიან.
რაღაც პერიოდის მერე ფორთოხლის მადისაღმძვრელ სუნზე მოდის მაიმუნი. იგი ხვდება რომ ყუთში ფორთოხალია და იწყებს ხელის შიგ ჩაყოფას. ყუთის ნახვრეტის ზომა კი სპეციალურად არის ისე შერჩეული, რომ მაიმუნი ცარიელ ხელს ადვილად ყოფს ნახვრეტში, ხოლო უკვე ფორთოხლიანი ხელის ამოღებას ვეღარ ახერხებს, ნახვრეტის სივიწროვის გამო. ძლიერ უნდა მშიერ მაიმუნს გემრიელი ფორთოხალი, ამიტომ მას ხელს არ უშვებს და მთელი ძალით ექაჩება, არადა ფორთოხლიანი ხელი ნახვრეტში არ ეტევა. ცხოველი წვალობს, ვერ ხვდება და იგი უკვე ხაფანგშია დატყვევებული.
მოგვიანებით მონადირე უახლოვდება ყუთში ხელ–გაჭედილ მაიმუნს და ადვილად იჭერს მას. ასე ებმება ხაფანგში სულელი ცხოველი. სასურველის დაუფლების ძლიერი სურვილი აღმოჩნდა მისთვის დამღუპველი, არადა უარი რომ ეთქვა გემრიელ ფორთოხალზე და ხელი გაეშალა, იგი გადარჩებოდა და ტყვეობას თავს დააღწევდა.
მგელიც და მაიმუნიც ორივე ველური ბუნების შვილები არიან და იქაა მათი სამყოფელი. მაშ რატომაა ასეთი განსხვავებული მათი მოტივაცია და ინსტიქტები? ... მგელი შიმშილმა მოამწყვდია ხაფანგში, ისევე როგორც მაიმუნი. მაგრამ იმდენად ძლიერია თავისუფლებისკენ სწრაფვა, რომ საბედისწერო მომენტში თავისი სხეულის ნაწილსაც კი სთმობს თავისუფლებისთვის. ოღონდ კი თავისუფლება დაიბრუნოს და იყოს თუნდაც ხეიბარი. მაიმუნს კი სიხარბე იმდენად სძლევს, რომ ფორთოხალს (საკვებს) არ უშვებს ხელს და ასე კარგავს თავისუფლებას, თუმცა შიმშილს შეიძლება იკმაყოფილებს კიდეც.
საოცრად დამაფიქრა მგლის და მაიმუნის ისტორიამ. ვფიქრობ დიდი სიღრმისეული აზრიც დევს მასში. მგელი, რატომღაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, ერებს და თუნდაც სახელმწიფოებს მაგონებს, ვისთვისაც თავისუფლება არის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე სანუკვარი და უპირატესი. ისინი მართლაც ყველაფერს დათმობენ, ნებისმიერ მსხვერპლს გაიღებენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ვფიქრობ ცოტაა ასეთი ერები და სახელწიფოები დედამიწაზე.
დღევანდელი საქართველო მე რატომღაც იმ ხაფანგიდან თავდაღწეულ მგელს მაგონებს, რომელსაც თავისუფლების სანაცვლოდ მძიმე ტკივილის გადატანა და თავისი სხეულის ნაწილის დათმობა მოუწია, მაგრამ გადარჩა, მონობას თავი დააღწია და გალიაში აღარ გააგრძელა სიცოცხლე ან უარეს შემთხვევაში არ იქცა "მგლის ფიტულად", როგორც მონადირის ნანადირევი ექსპონატი.
და ბოლოს, ამ პოსტს ყველასათვის ცნობილი ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის ასევე ცნობილი და პატრიოტული ლექსის სტროფებით დავასრულებ:
მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი,
დადგეს ყიჟინის კორიანტელი,
რომ საქართველოს რწმენის აკვანი
კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი.
თუ გამარჯვება არის მიზანი,
დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად.
მამულისათვის, მამულისათვის,
ძმებო, სიკვდილი ან გამარჯვება!
მოსჩანს, ამოდის მთვარე სამოთხის,
ტყვია მიზანში მოსახვედრია.
თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია.
Комментариев нет:
Отправить комментарий