пятница, 19 июля 2019 г.


სამოთხე თუ ჯოჯოხეთი? 
ყველაფერი არჩევანით იწყება და არჩევანით მთავრდება

     მძიმე ავარიის შემდეგ იგი საავადმყოფოში აღმოჩნდა. იგი ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ერთ ჩვეულებრივ ქალაქში ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს... 
        რეამინაცია, მრავალჯერადი მოტეხილობები, რამდენიმე რთული ოპერაცია.
            გადარჩება თუ ვერ გადარჩება?...
            მონიტორზე მხტუნავი წერტილი და ტეხილი ხაზები...
            ასე გრძელდება რამდენიმე დღე, სიკვდილი თუ სიცოცხლე?...
            ტეხილი ხაზები გატყდა, დაპატარავდა, დაიჭიმა და სხივად იქცა ...
            სამარისებური სიჩუმე, სიბნელე და გაურკვევლობა...
          შავ წყვდიაში ნაცრისფერი ტონები გაჩნდა, ნაცრისფერი ტონები მატულობს. ბურუსში ერთმანეთს მოპირდაპირედ მდგარი 2 კარი გამოჩნდა. უზარმაზარი კარებები და აბსოლიტურად ერთნაირი. კარის გაღების და შიგ შეხედვის მძაფრი სურვილი. მაგრამ რომელის?...
        ამ ფიქრებში იყო იგი, როცა ზემოდან ნათელი სხივი დაეშვა და მალე მისმა სიკაშკაშემ ყველაფერი გადაფარა. თვალისმომჭრელ სხივში კიდევ უფრო ნათელი სილუეტი გამოჩნდა.
        –ალბათ საიქიოში ვარ –გაიფიქრა მან. –ალბათ ანგელოზი გამომეცხადა...
        –გინდა იხილო რა არის კარებს მიღმა? – გაისმა ხმა სინათლიდან.
კაცის დუმილი და მარცხენა კარისკენ ინსტიქტურად გადადგმული ნაბიჯი მის თანხმობას მოასწავებდა. მიხლოებისთანავე კარი გაიღო და კარებს მიღმა საოცარი სურათი გადაიშალა. თვალუწვდენელი მრგვალი, ან შეიძლება ოვალური მაგიდა, რომელიც სავსეა ყველანაირი უგემრიელესი საჭმელებით, რაც კი ადამიანის თვალს უნახავს და მის პირს უგემია. მაგიდის ირგვლივ სხედან ადამიანები, რომლებიც ყვირიან ერთმანეთს ეჩხუბებიან. ყველა აგრესიული და დაძაბულია. ადამიანებს ერთი საოცრება ჭირთ. მათ ხელებზე თითები არ აქვთ და ხელებიც თავიანთ სხეულებზე გრძელი აქვთ. თითების ნაცვლად კი ზოგს ხელები კოვზებით, ზოგს ჩანგლებით და ზოგს დანებით უბოლოვდებათ.
      ადამიანები ყვირიან, ერთმანეთს ლანძღავენ და ეჩხუბებიან. საოცრად გრძელი ხელების გამო ისინი საჭმელს იღებენ მაგრამ პირამდე ვერ მიაქვთ.   მათ სახეებზე ჩანს, რომ ყველა მშიერია, ყველა უბედურია. 
       – ეს ჯოჯოხეთია– გაისმა ხმა სინათლიდან.
მართლაც საშინელი სანახავი იყო ეს ყოველივე. 
კაცს იქ გაჩერება აღარ უნდოდა. სწრაფად მოტრიალდა გარეთ გამოვიდა და მეორე კარს მიუახლოვდა. კარი გაიღო.
     კაცმა კარს მიღმა აბსოლიტურად იგივე სურათი დაინახა. უზარმაზარი მაგიდა სურსათ–სანოვაგით სავსე და იგივენაირი ადამიანები ირგვლივ. თუმცა ამ მსგავსებაში ერთი განსხვავება იყო. ადამიანები ერთმანეთს არ ეჩხუბებოდნენ, პირიქით ყველა გახარებული და ბედნიერი იყო.   განსხვავება კი იმაში გამოიხატებოდა რომ ეს ადამიანები იღებდნენ რა თავისი გრძელი ხელებით საჭმელებს მაგიდიდან, ერთმანეთს აჭმევდნენ, და ყველა მაძღარი იყო
         –ეს სამოთხეა– კვლავ გაისმა ხმა სინათლიდან...
   კაცის გონება გაოგნებისგან ჯერ კიდევ ბურუსში იყო თუმცა ბურუსი ნელ–ნელა იფანტებოდა და ყველაფერი აბსოლიტურად ნათელი და გასაგები ხდებოდა.
ჯოჯოხეთი და სამოთხე ასეთი მსგავსი და ამავე დროს აბსოლიტურად განსხვავებული.
როცა ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და სხვა არაფრად უღირთ მათი მდგომარეობა ჯოჯოხეთს გავს, ხოლო როცა ადანიანები ერთმანეთზე ფიქრობენ, ერთმანეთს ეხმარებიან, ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ, მაშინ მათი ურთიერთობა სამოთხეა. ადამიანები თავიანთი ყოველდღიური მოქმედებებით, ყოველდღიური  ცხოვრებით, ერთმანეთთან ურთიერთობით თავად აკეთებენ არჩევანს თუ სად იყვნენ ისინი სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში.
    ღმერთმა ადამიანებს ყველა სხვა სულიერისგან განსხვავებით მისცა გონება და აზროვნება და ასევე, არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთების უნარი. 
         გაჭიმული წრფე გატყდა... 
        წერტილმა მონიტორზე აწყვეტით იწყო ხტომა...
     – ჩვენ იგი გადავარჩინეთ! – ქოშინით თქვა ექიმმა და სახეგაოფლილმა საოპერაციო დატოვა...




Комментариев нет:

Отправить комментарий