понедельник, 29 октября 2018 г.




        სამყარო წუწუნის გარეშე ანუ  ბედნიერების ალგორითმი


    ბუნებაში არსებობს სხვადასხვა ტიპის ვირუსები, ზოგი ნაკლებად სახიფათოა ადამიანისთვის, ზოგი საერთოდ არ არის საშიში და ზოგი კიდევ სასიკვდილო საფრთხის მატარებელია. აგრესიულმა ვირუსმა შეიძლება დააზიანოს თქვენი რომელიმე შინაგანი ორგანო, მაგალითად საჭმლის მომნელებელი სისტემა, ფილტვები, გული, ტვინი, ასევე სისხლი ან ძვალსახსროვანი სისტემა. ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ გაქვთ ვირუსი, რომელიც თქვენს ცხოვრებას ანადგურებს. ამ ვირუსის გამო შესაძლოა  მკვეთრად აგიწიოთ წნევამ, გაგიჩნდეთ დიაბეტი, მიიღოთ გულის ინფარქტი, გასუქდეთ არანორმალურად.  ამ ვირუსს ასევე შეუძლია თქვენი ტვინი მთლიანად დააავადოს, გამოიწვიოს მისი ბლოკირება და კოორდინაციის დარღვევა.
       რას იგრძნობთ, თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ გაქვთ ვირუსი, რომლის გამოც თქვენ შეიძლება გასცილდეთ მეუღლეს, ფინანსურად გაკოტრდეთ, დაკარგოთ სამსახური და მეგობრებიც კი. სწორედ ამ სახიფათო ვირუსით საკუთარი თავის გარდა წამლავთ თქვენს მეგობრებს, ოჯახსა და თანამშრომლებს. მისი „წყალობით“ თქვენი ცნობიერება ხდება დეპრესიული, ყოველდღიური ყოფა კი ხდება სტრესული, ხოლო გარემო ნეგატიური და შავ ფერებში მოხატული.
       ეს მომაკვდინებელი ვირუსი, რომელზეც ახლა ვწერ, არის - წუწუნი.



        სწორედ წუწუნი გაიძულებთ თქვენ კონცენტრირდეთ ნეგატივზე და გახდეთ დეპრესიულები. ამ დროს ორგანიზმში გამოიყოფა ნივთიერება კორტიზოლი, რომელიც ზრდის არტერიულ წნევას, იწვევს გულის დაავადებებს, ასევე ირღვევა კვების რაციონი და რიტმულობა, რაც თქვენს წონაზე უარყოფითად აისახება. ადამიანს უყალიბდება ან/და უმძაფრდება მავნე ჩვევები, როგორციაა ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, თამბაქოს მოხმარება, მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკებისადმი ლტოლვა, რაც თითქოს ამ სტრესული გარემოდან თავის დაღწევის ილუზორული წარმოდგენაა. მაგარამ ყველაფერი სინამდვილეში პირიქითაა, რადგან ამ მავნე ჩვევებით ჩვენ ვებრძვით არა მის გამომწვევ მიზეზს, არამედ შედეგს.
      გახსოვდეთ, როდესაც წუწუნებთ და ამბობთ საყვედურებს, თქვენ არ შეგიძლიათ ჭკვიანურად და რაციონალურად ფიქრი, რადგან თავში ბურუსია და არ მოგდით ნათელი აზრები. გონება იბინდება და ადამიანი გადაუჭრელი პრობლემების ტყვეობაში გრძნობს თავს.
        სტატისტიკურად დადგენილია, რომ  ადამიანი საშუალოდ დღეში 15–30–ჯერ წუწუნებს.

         წუწნი შეიძლება შევადაროთ უსიამოვნო ჰაერს, რომელიც ჭამის შემდეგ პირის ღრუდან გამოდის, როცა იგი გამოდის სხვისი პირის ღრუდან მაშინვე საგრძნობია, მაგრამ ადამიანი  საკუთარი პირიდან ამოსულ უსიამოვნო ჰაერს ვერ გრძნობს და მას არასასიამოვნო სუნი არ აწუხებს. ამიტომ წუწუნი თავიდან შეიძლება იყოს აბსოლიტურად შეუმჩნეველი, არასახიფათო, მაგრამ თუ ადამიანი არ აკონტროლებს თავს და შესაბამის საწინააღმდეგო ზომებს არ მიმართავს, მაშინ მავნე ქცევა ხდება სისტემატიური და ხშირი. თანდათან ყველაფერზე იწყება უკმაყოფილება და წუწუნი, ეს მდგომარეობა მძაფრდება და ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება არის ერთი დიდი კოშმარული წუწუნი. ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ემსგავსება ნარკომანს, რომელსაც სულ უფრო მეტი და მეტი წამლის დოზა სჭირდება. მოწუწუნე ადამიანიც ასევე უფრო მეტ და მეტს წუწუნებს, უფრო მძიმე ფორმებში. წუწუნი ხდება ჩვევა, რომელიც იმორჩილებს გონებას და საბოლოოდ ანადგურებს ადამიანს.
       თითქმის წარმოუდგენელია ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადარჩენა, თითქოს საშველიც კი არსად ჩანს. თუმცა თუ ადამიანს შინაგანად აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი თავი დააღწიოს ამ მავნე ჩვევას და დაუბრუნდეს ნორმალურ და ჟანსაღ ცხოვრებას, მაშინ გეტყვით:
         ეს შესაძლებელია.
     ერთადერთი, ვინც დაგეხმარებათ ამ მძიმე დაავადებისგან განკურნებაში, ხართ თავად თქვენ და მკურნალობაც კი არაფერი დაგიჯდებათ.
    ამერიკის შეერთებულ შატატებში ცხოვრობდა ერთი ქრისტიანული ეკლესიის სასულიერო პირი სახელად ვილ ბოუენი. მან 2006 წელს წამოაყენა ერთი მარტივი და ფრიად სასარგებლო იდეა, რომელსაც უწოდა: სამყარო წუწუნის გარეშე. იდეის არსი შემდეგში მდგომარეობს: თქვენ თუ გამუდმებით წუწუნებთ, ხართ მუდამ უკმაყოფილო, ცხოვრება თქვენს ირგვლივ კოშმარს გავს და პრობლემებში ეფლობით. სცადეთ და ერთ მარტივ ხერხს მიმართეთ. აიღეთ იასამნისფერი სამაჯური (იდეის ავტორი ასე გვირჩევს), თუმცა შეიძლება სხვა ნებისმიერი სამაჯური და გაიკეთოთ რომელიმე ხელის მაჯაზე. თქვენ უნდა შეძლოთ და სულ მცირე 21 დღის განმავლობაში არ დაიწუწუნოთ და არ წარმოთქვათ რაიმე ნეგატიური. თუ ვერ შეძლებთ ამ პირობის დაცვას, პირველივე დარღვევის შემთხვევაში სასწრაფოდ მოიხსენით მაჯიდან სამაჯური და გადაიტანეთ მეორე ხელის მაჯაზე და 21 დღის ათვლა დაიწყეთ თავიდათ. ასე გაიმეორეთ მანამ, სანამ არ შეძლებთ სულ მცირე 21 დღის განმავლობაში პირობის შესრულებას. ეს საკმაოდ რთულად შეიძლება მოგეჩვენოთ თავიდან. თვითონ იდეის ავტორი დღეში რამდენჯერმე გადაიტანდა ხოლმე თავიდან მაჯიდან მაჯაზე იასამნსიფერ სამაჯურს, თუმცა მონდომებით და თანდათან ყველაფერი შეიცვალა და უკვე რამდენიმე დღეში ერთხელ ხოლმე უცვლიდა სამაჯურს ადგილს, მერე უკვე კვირაში ერთხელ, შემდეგ რამდენიმე კვირაში ერთხელ და მხოლოდ 5 თვის თავზე შეძლო 21 დღიანი პერიოდში დადგენილი პირობის დაურღვევლად შესრულება. მაგრამ ეს ყველაფერი ცდად ნამდვილად ღირდა. იდეის ავტორი თავად აღიარებს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში იცვლება ადამიანის აზროვნება შინაგანად, ნელ–ნელა ჩნდება პოზიტიური აზრები, ადამიანი იწყებს პოზიტივზე ფოკუსირებას და ნეგატივის იგნორირებას და აი სასწაული, ყველაფერი თანდათან იცვლება, პიროვნება ხდება კეთილგანწყობილი სხვა ადამიანების მიმართ, განწყობა უმჯობესდება, წერიგდება ორგანიზმის ფუნქციონირება, უკან იხევს ფსიქოლოგიური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ადამიანი ხდება უფრო ლაღი, მხიარული, პოზიტიური, ასხივებს სილამაზეს, სიხალისეს და სიკეთეს.
     ვილ ბოუენის ეს მარტივი და თან საოცარი იდეა მალევე დაპატენტებული იქნა ავტორის მიერ და სწრაფად გავრცელდა მსოფლიოში. დღეს დღეისობით მარტივი ვარჯიში იასამნისფერი სამაჯურით საკუთარ თავზე გამოსცადა 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა მსოფლიოს 90 ქვეყანაში. წუწუნის მავნე სენისგან განთავისუფლებული უამრავი ადამიანი სოციალური ქსელების, პრესის თუ ტელევიზიის საშუალებით აზიარებენ და ფართო პროპაგანდას უწევენ ამ უაღრესად სასარგებლო და მარტივ მეთოდს. სცადეთ თქვენც, ურჩიეთ სხვასაც და საკუთარი ძალისხმევით თავადვე დარწმუნდებით, რომ სამყარო ბევრად საინტერესო, ლამაზი, სიხარულით აღსავსე და კეთილგანწყობილია, ვიდრე აქამდე გეგონათ.
       შეწყვიტეთ წუწუნი, იმოქმედეთ და იყავით ბედნიერნი!




Комментариев нет:

Отправить комментарий