სიტყვებით იწყებენ და ამთავრებენ ომებს. სიტყვებით ქმნიან და ანგრევენ ოჯახებს. სიტყვებით ამსხვრევენ და ამრთელებენ გულებს. (სიტყვის ძალა - ანუ ის რაც თქვენ უნდა იცოდეთ)
ყოველ ადამიანს აქვს ხილული ფიზიკური სხეული, რომელიც შეიძლება იყოს განსხვავებული ზომის, ფორმის თუ ფერის, მაგრამ ამასთან ერთად ადამიანს უცილობლად გააჩნია უხილავი ენერგეტიკული გარსი, ენერგეტიკული ჯავშანი, აურა იგივე პრანა, რომელიც განსაზღვრავს მის სიცოცხლისუნარიანობას. მეტი თვალსაჩინოებისთვის ეს ენერგეტიკული გარსი ჩვენ შეიძლება შევადაროთ გასაბერ საცურაო ჟილეტს.
ადამიანის ფიზიკური სხეულის დაზიანება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედებით, ხოლო ენერგეტიკულ გარსზე ფიზიკური ზემოქმედება თითქმის შეუძლებელია, მას ვერ დააზიანებთ ვერც ბლაგვი და ვერც ბასრი საგნით, ცივი ან/და ცეცხლსასროლი იარაღით, ეს შეუძლებელია. ადამიანის ენერგეტიკული ჯავშანი უხილავია და ფიზიკურ დაზიანებას არ ექვემდებარება. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ადამიანის ენერგეტიკული გარსი მაინც მეტად სათუთია და მასზე დამაზიანებელი ზემოქმედება შესაძლებელია სიტყვით, ბგერით ანუ ვერბალური ზემოქმედების შედეგად.
ნებისმიერ თქვენთაგანს ექნებოდა ალბათ ცხოვრებაში მომენტი, როცა ვიღაცამ აგრესიული ტონით და უშვერი სიტყვებით გაგლანძღათ, ან შეგაგინათ ან კიდევ დაგწყევლათ. ამ შემთხვევაში თქვენ ფიზიკურ დონეზე არაფერი დაგიზიანდათ, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე ყველაფერი გაცილებით მძიმედაა. თქვენ იმ მომენტში და შემდეგაც აუცილებლად იგრძნობდით მძლავრ ემოციურ აღელვებას, გულის აჩქარებას, სახის და თვალების აწითლებას, მოკლედ საშინელ დისკომფორტს. ეს ხშირად ფიზიკურ ტრამვაზე მეტიცაა. არა და თქვენი მისამართით მხოლოდ სიტყვები ითქვა, ანუ ბგერითი ენერგეტიკული ტალღები გავრცელდა. მაშ რა ხდება ამ დროს?
მეცნიერულად დადგენილია, რომ ნეგატიური სიტყვა (ლანძღვა, გინება, წყევლა) ეს არის მძლავრი ბგერითი ენერგეტიკული ტალღა, რომელიც მეტი თვალსაჩინოებისთვის შეიძლება შევადაროთ ლურსმანს, რომელსაც ჩავარჭობთ იმ ადამიანის ენერგეტიკულ გარსში, ვისაც ჩვენ ამ სიტყვებით მივმართავთ.
ამ შემთხვევაში ხდება ის, რომ ლურსმნებით ანუ ნეგატიური სიტყვებით ჩვენ ვაზიანებთ ადამიანის უხილავ ენერგეტიკულ ჯავშანს და ეს ადამიანი ენერგეტიკულად იცლება, ანუ ჩვენი თვალსაჩინო მაგალითის შემთხვევაში გაბერილი საცურაო ჟილეტის ნახვრეტებიდან ჰაერი გამოედინება. ლანძღვის ობიექტმა შემდგომ რაც არ უნდა სცადოს ასეთი ჟილეტის თავიდან გაბერვა, მას აღარაფერი გამოუვა, რადგან ჟილეტი (დამცავი ენერგეტიკული ჯავშანი) დაზიანებული ადგილებიდან ჰაერს (ენერგიას) გააპარებს მაინც. ანუ ჩვენ ჩვენივე გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მოქმედებით სხვა ადამიანს უხილავ, მაგრამ სახიფათო ზიანს ვაყენებთ.
მეორეს მხრივ იწყებს მოქმედებას ე.წ. "ბუმერანგის ეფექტი", ანუ სტატისტიკურად დადგენილია, რომ ადამიანების უმრავლესობა ( 90%-ზე მეტი) სხვადასხვა სიტუაციებში აგრესიაზე აგრესიითვე პასუხობს, ანუ მისი მხრიდანაც პირდაპირ თუ ირიბად ჟღერდება საპასუხო გინება, წყევლა თუ ლანძღვა და ეს კი არის უკვე ჩვენივე ენერგეტიკულ ჯავშანში ჩარჭობილი საპასუხო ლურსმნები, რომლებიც ანალოგიურად იწვევს ჩვენს ენერგეტიკულ პარალიზებას.
მსგავსი ფორმით დაზიანებული ენერგეტიკული გარსის აღდგენას გაცილებით მეტი დრო, ენერგია და ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე ფიზიკურად მიყენებული ტრამვის მოშუშებას.
როცა ადამიანი თქვენი ოჯახის წევრია, მეგობარია ან ახლობელია, მათთან განსაკუთრებით ფრთხილი და მოზომილი ვერბალური კომუნიკაცია უნდა ააწყოთ, რამეთუ ვითომ უბრალო შეურაცხმყოფელი სიტყვითაც კი მათ პიროვნულ და ემოციურ დონეზე შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მივაყენოთ, შემდეგომ კი თავადაც დავზიანდეთ "ბუმერანგის ეფექტის" მოქმედებით.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები ნეგატიური ვერბალური კონტაქტით ერთმანეთს აყენებენ მძიმე სულიერ ტრამვებს და განკურნებას ხშირად ფიზიკური ტრამვების მოშუშებაზე მეტი დრო სჭირდება.
მთელი ამ პერიოდის მანძილზე, სანამ ენერგეტიკული გარსი არ განმრთელდება ადამიანი განიცდის უიმედობას, შინაგან სისუსტეს, უფუჭდება განწყობა და შესაძლებელია მისი მდგომარეობა ღრმა დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს. ამ ყველაფრის მიზეზი კი არის ის უხილავი ლურსმნები (ნეგატიური სიტყვები), რომლებიც ადამიანის ენერგეტიკულ გარსში უხილავად ჩაარჭვეს.
ამიტომაც ყოველთვის ერიდეთ ვინმეს, განსაკუთრებით კი თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ლანძღვას და შეურაცხყოფას. ფიქრითაც კი არ იფიქროთ ცუდი, რადგან რასაც ფიქრობთ, ის ადრე თუ გვიან ნებსით თუ უნებლიედ თქვენივე აზრებში გამოიხატება და მერე სიტყვებში გაჟღერდება.
და ბოლოს სათქმელს ერთი იაპონური იგავით დავასრულებ.
გზაზე ორი სამურაი მიდიოდა. მათ დაინახეს ცხენის განავალი. ერთი დაენიძლავა მეორეს 10 ოქროზე, თუ შეჭამდა ეს უკანასკნელი განავალს.
-10 ოქრო დიდი ფულია - გაიფიქრა სამურაიმ, და თვალებდახუჭულმა პირში გადაუძახა განავალი.
განაგრძეს გზა. დამარცხებული სამურაი მთელი გზა დაკარგულ 10 ოქროზე ფიქრობდა, გამარჯვებული კი იმ საზიზღრობაზე, რაც მის მუცელში ჩავიდა.
გზად ისევ ნახეს განავალი, ცხენის თუ ძროხის. დამარცხებულ სამურაის 10 ოქროს დაბრუნების ჟინმა აიძულა კიდევ დანაძლევებულიყო, იმ პირობით, რომ ახლა თავად შეჭამდა განავალს. მოგებულს გაეცინა, კვლავ დანაძლევდნენ. შეიკრა სუნთქვა სამურაიმ და უცებ პირში გადაუძახა განავალი. დაიბრუნა თავისი 10 ოქრო.
კვლავ განაგრძეს გზა. შემოაღამდათ. დაწვნენ დასაძინებლად. ძილის წინ ერთი სამურაი ეუბნება მეორეს:
- მე მგონი ორივე ვხვდებით, რომ დღეს ჩვენივე სულელური საქციელით უფასოდ მივირთვით ორთავემ განავალი.
P.S. ზუსტად ასევეა ცხოვრებაშიც, ადამიანების მიერ ერთმანეთის ლანძღვა, და შეურაცხყოფა იგივეა, რაც უფასო განავალის მირთმევა. ხოლო თუ არ გინდათ, რომ იმ ორი სულელი სამურაის ბედი გაიზიაროთ, მაშინ სალანძღავი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი სიტყვები საერთოდ ამოიღეთ თქვენი ლექსიკონიდან და იაზროვნეთ პოზიტიურად, ისაუბრეთ პოზიტიურად, იცხოვრეთ პოზიტიურად.
Комментариев нет:
Отправить комментарий