воскресенье, 2 февраля 2014 г.




                როგორ იჭერენ მაიმუნ შიმპანზეს მონადირეები ანუ სურვილების საბედისწერო ხაფანგი 

     წარმოიდგინეთ ხის ოთხკუთხედი ყუთი, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი პატარა ნახვრეტი, ისეთი რომ მასში გაჭირვებით ეტევა ფორთოხალი.
ყუთი მიბმულია ხეზე. ჩადებენ ამ ყუთში ფორთოხალს და  დადგამენ ხის ძირში, ხოლო მონადირეები ამ ადგილს მოშორდებიან და დაუდარაჯდებიან.
რაღაც პერიოდის მერე ფორთოხლის სუნზე მოდის მაიმუნი. იგი ხვდება რომ ყუთში ფორთოხალია და იწყებს ხელის შიგ ჩაყოფას. ყუთის ნახვრეტის ზომა კი სპეციალურად არის ისე შერჩეული, რომ შიმპანზე ცარიელ ხელს ადვილად ყოფს ნახვრეტში, ხოლო უკვე ფორთოხლიანი ხელის ამოღებას ვერ ახერხებს, ნახვრეტის სივიწროვის გამო. ძლიერ უნდა მშიერ შიმპანზეს გემრიელი ფორთოხალი, ამიტომ მას ხელს არ უშვებს და მთელი ძალით ექაჩება, არადა ფორთოხლიანი ხელი ნახვრეტში არ ეტევა. შიმპანზე წვალობს, ვერ ხვდება და იგი უკვე ხაფანგშია.
     მონადირე უახლოვდება ყუთში ხელ–გაჭედილ შიმპანზეს და ადვილად იჭერს მას. ასე ებმება ხაფანგში შიმპანზე. სასურველის დაუფლების ძლიერი სურვილი აღმოჩნდა მისთვის დამღუპველი, არადა უარი რომ ეთქვა გემრიელ ფორთოხალზე, ხელი გაეშალა, იგი გადარჩებოდა და თავს არ დაკარგავდა.


      ასევე არიან ადამიანებიც. ხშირად ჩვენივე მძაფრი სურვილები და მათზე ჩაპოტინება გვაგდებს ხაფანგში. ადამიანის გონება დაზომბირებულია ტელევიზიით, ინტერნეტით, საზოგადოებრივი აზრით, იმაზე თუ რა კარგია კომფორტული ცხოვრება, მდიდრული სახლი, ძვირფასი მანქანა, აგარაკი, საზღვარგარეთ დასვენება, ბევრი ფული და ა.შ.



     ადამიანის გონება თანდათან პროგრამირდება იმგვარად, რომ მას ბავშვობიდანვე უყალიბდება კომფორტული და მდიდრული ცხოვრების დაუოკებელი სურვილი, ხოლო უკვე დიდ ასაკში, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა კი მას არანაირად არ აძლევს ამის შესაძლებლობას.
      მკვეთრი დისბალანსი ადამიანის მძაფრ სურვილებს და მის რეალობას შორის კი მასში აყალიბებს სტრესებს, დეპრესიულ მდგომარეობას, რომელიც ხშირად ფსიქიკურ პრობლემებში გადადის. გამძაფრებულ სურვილებს გამოკიდებული ადამიანები ხაფანგში გაბმული შიმპანზეს მსგავსად მოქმედებენ მხოლოდ ცარიელი ინსტიქტებით და ნაკლებად გონებით, რაც მათ ცხოვრებისეულ ხაფანგში აქცევთ, რომლისგან თავის დაღწევა უკვე შეუძლებელია.
    ასე ემართება ადამიანების აბსოლიტურ უმრავლესობას. ალბათ დამეთანხმებით და ბევრ ჩვენთაგანს ჰქონია მსგავსი ცხოვრებისეული შემთხვევა, როცა დაუშვად ჩვენს მეგობარს ან ახლობელს შეუძენია მაგალითად ძვირადღირებული და თანამედროვე, ბოლო მოდელის სმარტფონი, ან პლანშეტური კომპიუტერი, ან თუნდაც მანქანა. ამ ამბის გაგებისთანავე ჩვენც გაგვჩენია მძაფრი სურვილი, რომ ძლიერ გვინდა იგივე, უკვე აღარ მოგვწონს ჩვენი მოდიდან გამოსული მობილური, მოძველებული კომპიუტერი თუ ავტომანქანა და ვიწყებთ ფიქრს იმაზე თუ როგორ ვიშოვოთ იმდენი ფული, რომ დავიკმაყოფილოთ ეს გამძაფრებული მოთხოვნილება.
      კანონმორჩილ ქვეყნებში და კანონმორჩილ საზოგადოებაში  კი სასურველის სწრაფად შეძენის და დაუფლების მეტად მოკლე და მაცდური ინსტრუმენტი არსებობს.
ეს არის კრედიტი – ჩვენი ფინანსური ხაფანგი, რომელშიც ხშირად ყველა სუსტი ნებისყოფის და კომფორტულ ცხოვრებას დანატრებული ადამიანი ებმება. თავიდან ვიღებთ მცირე სესხებს საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, შემდეგ კი გადავდივართ თანდათან უფრო ძვირად ღირებულზე, ავტომანქანა, ბინა, აგარაკი და ა. შ. შესაბამისად იზრდება სესხის მოცულობა და იზრდება ის პროცენტები, რომელსაც მოვალე თავისი ჯიბიდან იხდის.



     სტატისტიკურად დადგენილია, რომ მსოფლიოში დასაქმებული შრომისუნარიანი მოსახლეობის 80%–ზე მეტი იმყოფება ვალების ჭაობში და იქედან უკვე ვეღარ ამოდის მთელი ცხოვრება. ხოლო ერთადერთი მიზეზი, რამაც ისინი ამ ჭაობში ჩააგდო. ეს არის საკუთარი თავი, კომფორტულად და მდიდრულად ცხოვრების მძაფრი სურვილი.
    ყოველთვის გახსოვდეთ მაიმუნი შიმპანზე, რომელიც საკუთარმა სახიფათო სურვილმა დაღუპა. გაუშვით ხელი და ნუ ეპოტინებით დამღუპველ სურვილებს, რომლებიც მხოლოდ ინსტიქტებიდან გამომდინარეობს. ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ყოველთვის თვითონ მართავს საკუთარ მოთხოვნილებებს და არა პირიქით.
     თქვენი ნებისმიერი სურვილი აუცილებლად თქვენი ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობიდან უნდა გამომდინარეობდეს და თუ სურვილი მატულობს, მაშინ ყოველ მიზეზგარეშე უნდა მატულობდეს შემოსავლები. იფიქრეთ და შექმენით შემოსავლის ახალი წყაროები და მხოლოდ ამის შემდგომ მიეცით თავს უფლება ახალი სურვილების და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. სესხი მხოლოდ აქტივების შესაძენად აიღეთ, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში იგი დამღუპველი იქნება თქვენთვის.
     
        და ბოლოს,
    მინდა დაგემშვიდობოთ წმინდა აბბა ისაია განდეგილის სიბრძნით: "ის, ვინც მბრძანებლობლობს საკუთარ გრძნობებზე, სიმშვიდეში ატარებს ცხოვრებას."


Комментариев нет:

Отправить комментарий